Daily Maverick: სამხრეთ აფრიკაში საქართველოში გასაგზავნ ხუთ ბაობაბზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) ცნობით, ხუთი დიდი ბაობაბი 17 ივლისს დურბანში, სალოგისტიკო კომპანიის საწყობში გააჩერეს, რადგან ექსპორტიორმა ტყის შესახებ ეროვნული კანონით გათვალისწინებული ლიცენზია ვერ წარადგინა; ბაობაბი ამ კანონით დაცული სახეობაა. დეპარტამენტის თქმით, ხეები ლიმპოპოს პროვინციის ლეფალალეს მუნიციპალიტეტში პროვინციული ნებართვის გარეშე ამოთხარეს და მათი „ექსპორტი საქართველოში იგეგმებოდა“. DFFE-ის ცნობით, სისხლის სამართლის ბრალდებები რამდენიმე მხარეს წაეყენა, რომელთა ვინაობა არ დაუსახელებია; დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ექსპორტის ლიცენზიაზე 31 ივლისს უარი თქვეს, Daily Maverick-ის ცნობით კი 27 ოქტომბერს გასაჩივრებაც არ დაკმაყოფილდა.
ამბავი პირველად Daily Maverick-მა გამოაქვეყნა 25 ოქტომბერს; DFFE-ის მონაცემებს OC Media-ც ადასტურებს. ვინ შეუკვეთა ხეები საქართველოში, დადგენილი არ არის: DFFE მიმღებს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონზე მითითებით არ ასახელებს. Daily Maverick იხსენებს, რომ 2023 წელს კენიიდან ივანიშვილის დაარსებულ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩამოტანილი რვა ბაობაბი გახმა, თუმცა არცერთი წყარო ამ ტვირთს პარკთან არ აკავშირებს. Daily Maverick-ის შეკითხვებს საქართველოს საელჩომ პრეტორიაში ჯერ არ უპასუხა. ექსპორტიორის ადვოკატები პროცესს სადავოდ ხდიან და ამბობენ, რომ მათ კლიენტს ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია.